ალასანია უშიშროების საბჭოს მიმართავს - კვირის პალიტრა

ალასანია უშიშროების საბჭოს მიმართავს

"ქართული ოცნების" წევრმა და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მასალები მიაწოდა.ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა დაავალა როლანდ, დათა და ბაჩო ახალაიებს. მათ კი დაჯგუფებების ჩამოყალიბება დაავალეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს. უშიშროების საბჭომ ალასანიას ბრალდებები უარყო, ხოლო თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებას ბოდვა უწოდა.

საპასუხოდ "თავისუფალმა დემოკრატებმა" განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს - "გიგა ბოკერიამ დაადასტურა, რომ ამ სიაში ჩამოთვლილი პირები თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ან რეზერვისტები არიან, რითაც მან ასევე დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნულ სიაში ჩამოთვლილი კრიმინალური წარსულის მქონე ელემენტები ასევე წარმოადგენენ სახელისუფლებო სტრუქტურებს. ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ დაიწყო რეზერვისტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და საკუთარ ინტერესებზე მორგება, კერძოდ, ნებაყოფლობითი რეზერვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დასახელებულია კრიზისულ სიტუაციებში სამოქალაქო ხელისუფლების დახმარება, კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ვარაუდს ხელისუფლების გეგმების შესახებ. ამასთან, საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე კრიმინალის რეზერვის ნაწილად გამოცხადება და მათი კერძო სახლებში შეიარაღებით განთავსება, ხელისუფლების მხრიდან მორიგ უკანონობაზე მეტყველებს", - აღნიშნულია განცხადებაში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).