სკანდალი სეულში - კვირის პალიტრა

სკანდალი სეულში

სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ბარაქ ობამასა და დმიტრი მედვედევის შეხვედრის დაწყების წინ მიკროფონი დროზე ადრე ჩაირთო და ჟურნალისტებმა პრეზიდენტების პრივატული საუბარი მოისმინეს. კერძოდ, ობამამ მედვედევს უთხრა, რომ ეს მისი ბოლო არჩევნებია, რომლის შემდეგ უფრო მოქნილად მოქმედებას შეძლებს. ობამას მხედველობაში ევროპაში ნატოს ანტისარაკეტო სისტემა ჰქონდა, რომელიც რუსეთს აშფოთებს. რუსეთის პრეზიდენტმა კი ამერიკელ კოლეგას უპასუხა, რომ ამ ცნობას ვლადიმირს (პუტინს) გადასცემს. ამ საუბარმა აშშ-ში სკანდალი გამოიწვია. რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ, რომელიც არჩევნებში ობამას კონკურენტი იქნება, პრეზიდენტი აშშ-ის #1 გეოპოლიტიკურ მტერთან ფარულ თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ობამას ახსნა-განმარტება წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ჯონ ბონერმაც მოითხოვა. თეთრი სახლის განცხადებით ობამა იმას გულისხმობდა, რომ ამ ეტაპზე ანტისარაკეტო სისტემაზე საუბრისთვის დრო არ არის, რადგან რუსეთში ადმინისტრაცია იცვლება, აშშ-ში კი საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).