შეთანხმება ზედნადებზე - კვირის პალიტრა

შეთანხმება ზედნადებზე

1-ლი აპრილიდან ელექტრონული ზედნადების გამოყენება სავალდებულო ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ მეწარმეს ზედნადების ფორმის შევსება ინტერნეტით მოუწევს.თუმცა ბეჭდური მედია სპეციფიკური ბიზნესია და პროდუქციის მიწოდება-მიღების ყველა ეტაპზე ელექტრონული ზედნადების გამოყენების ვალდებულება მას  პრობლემებს შეუქმნიდა. კერძოდ, პრესასთან მიმართებაში საქმე მხოლოდ საქონლის გამცემთან, დისტრიბუციასა და მიმღებთან არა გვაქვს. ბეჭდური მედიის პროდუქტი სანამ საბოლოო დანიშნულების ადგილას მივა, საკმაოდ ბევრ ეტაპს გადის, - რედაქცია, სტამბა, გავრცელება, გასაღება, პროდუქტის ნაწილის უკან დაბრუნება და ა. შ. შესაბამისად, ელექტრონული ზედნადების შევსება გაუჭირდებოდათ პრესის გამავრცელებლებს ან "კრიკუნებს". ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე რეგიონებში იქნებოდა. ამიტომაც საქართველოს "პრესის ასოციაციამ" ბიზნესომბუდსმენ გიორგი პერტაიას  წერილით მიმართა და შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკების დასაწყებად შუამდგომლობა სთხოვა. პერტაიას შუამდგომლობით, "პრესის ასოციაციის" ხელმძღვანელებსა და შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის უფროს ზურაბ სოხაძეს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რომლის შედეგებითაც ასოციაციამ მიაღწია, რომ ბეჭდური მედიის ბიზნესისთვის ელექტრონულ ზედნადებს რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურმა შემხვედრი ნაბიჯი გადმოდგა და დაუშვა გამონაკლისი, პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადები მხოლოდ და მხოლოდ პირველადი მიწოდების შემთხვევაში გავრცელდება.