მერაბიშვილმა პარლამენტი "გადააგდო" - კვირის პალიტრა

მერაბიშვილმა პარლამენტი "გადააგდო"

29 მარტს პარლამენტში დაგეგმილ სამთავრობო საათზე შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ელოდებოდნენ.სამთავრობო საათის ინიციატორი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" პარლამენტში იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მისვლასაც ითხოვდა, თუმცა ადეიშვილი მივლინებაში წავიდა და საკანონმდებლო ორგანოში მისი მოადგილის, თინა ბურჯალიანის გამოსვლა დაიგეგმა. რაც შეეხება მერაბიშვილს, სამთავრობო საათამდე გამართულ ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ დეპუტატების კითხვებს პირადად შს მინისტრი უპასუხებდა. თუმცა სხდომის დაწყებისას დეპუტატებს მისი მოადგილე ეკა ზღულაძე გამოეცხადათ. ფრაქციამ "ერთობა სამართლიანობისთვის" მერაბიშვილის საქციელი ბრძოლის ველიდან გაქცევად შეაფასა, რადგან მინისტრისთვის კითხვები პრეზიდენტისა და მისი ოჯახის კორუფციასთან კავშირის შესახებ უნდა დაესვათ. ფრაქციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.