მკლავჭიდელს ბრალი თაღლითობაში ედება - კვირის პალიტრა

მკლავჭიდელს ბრალი თაღლითობაში ედება

მკლავჭიდში ევროპის ორგზის ჩემპიონს, ზაურ ცხადაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით და არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს, 30 ათასი ლარის შეფარდების თაობაზე. პროკურორების განცხადებით, ზაურ ცხადაძე ბრალდებულია თაღლითობაში. მან დანაშაულებრივი გზით მიითვისა 2009 წლის აგვისტო-სექტემბერში, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 551 ათას ლარს. თაღლითური გზით მიწის შეძენაში გადაიხადა  87 ათასი ლარი. ის გაურიგდა თბილისის მერიის თანამშრომლებს და ამ გზით ჩაიგდო ხელში იაფად ქონება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი. პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება თბილისის მერიის თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.