საპატრიარქოს განცხადება - კვირის პალიტრა

საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო ოშკისა და იშხნის აღდგენის საკითხში საქართველო-თურქეთს შორის მიმდინარე  მოლაპარაკებებში ჩართვის გარანტიას ითხოვს."იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ორი მნიშვნელოვანი ძეგლის, ოშკისა და იშხნის აღდგენას, მოლაპარაკებების პროცესში აღნიშნული ძეგლების ისტორიული მესაკუთრის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობის საკითხი, ვფიქრობთ, გარანტირებული უნდა იყოს.  რელიგია, რწმენა ადამიანის ყველაზე ღრმა სულიერ სფეროს განეკუთვნება და აქ ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე, მოთმინება და საზოგადოებრივი ინტერესების გაცნობიერება გვმართებს. მხოლოდ პრობლემებისადმი ამგვარი მიდგომა მოგვცემს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ საზოგადოებრივი დაძაბულობა და სხვა არასასურველი ექსცესები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას: საჯარო გახადოს ხელშეკრულების სამუშაო ვერსია და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მის შესახებ; უზრუნველყოს მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობა; უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის #63 დადგენილებით შექმნილი კომისიის გამართული და საჯარო მუშაობა", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.