ქობალია ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - კვირის პალიტრა

ქობალია ხელახალ გამოძიებას მოითხოვს

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გამგეობის წევრი ვახტანგ (ლოთი) ქობალია ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს და

მოითხოვს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიება დაიწყოს.  მისი თქმით, მან ეს საქმე პირადად გამოიძია და მზად არის ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავებს.

ქობალიას განცხადებით, არიან მოწმეები, რომლებიც ამ ფაქტს უშუალოდ ესწრებოდნენ. როგორც ქობალიამ აღნიშნა, ცრუ მოწმეებს ათქმევინეს, თითქოს მკვლელი ის იყო და სასჯელს 10 წლის განმავლობაში იხდიდა. ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე 1993 წლის შემოდგომაზე მოკლეს. ლოთი ქობალია ასევე მოითხოვს შევარდნაძის დროინდელ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. "ეს ის ხალხია, ვინც ჩვენ გვერდით იბრძოდა. ისინი არ არიან ტერორისტები", - განაცხადა ქობალიამ.

ამასთან, როგორც ქობალიამ აღნიშნა, მისი შვილები, რომლებიც რუსთავსა და ზუგდიდში სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ, რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, ურთიერთდევნის პირობებში სახელმწიფო არ შედგება.