"ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა" - კვირის პალიტრა

"ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა"

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ განაცხადა, რომ ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა, რომლისაც არ უნდა შეგვეშინდეს.

- ერთ ბერს უდაბნოში ჰყავდა მორჩილი. მორჩილი ეუბნებოდა მოძღვარს, რომ  ზოგი ლანძღავდა და ზოგი აქებდა მას. მორჩილმა ჰკითხა მოძღვარს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. ბერმა ურჩია, წასულიყო სასაფლაოზე და იქ მიცვალებულები ხან ექო და ხან გაელანძღა. ყველაფერი ეს რომ გააკეთა მორჩილმა, ისევ მივიდა თავის მოძღვართან და უთხრა, რომ მას არანაირი პასუხი არ მიუღია და სწორედ ამიტომ მოძღვარმა მორჩილს ურჩია, რომ როდესაც მას ლანძღავდნენ ან აქებდნენ, თვითონაც ასე მოქცეულიყო, - ბრძანა პატრიარქმა.

ილია II-მ მრევლს მოუწოდა, პატივი სცენ მშობლებს.  - ერთ-ერთი მთავარი მცნება, რომელიც უფალმა მისცა კაცობრიობას, არის "პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო შენ". თუ ჩვენ გვინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ, რომ მშვიდობა იყოს ჩვენს გულში, გონებაში, სახლში, სამსახურში, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა სცეთ მამას და დედას და იქნებით არა მარტო ბედნიერი, არამედ დღეგრძელი ქვეყანასა ზედა, - განაცხადა პატრიარქმა.