სვანეთისა და რაჭის ტყეებში ხანძრის ახალი კერები ჩნდება - კვირის პალიტრა

სვანეთისა და რაჭის ტყეებში ხანძრის ახალი კერები ჩნდება

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის, დავით გაგოშიძის განცხადებით, 25 ოქტომბერს რაჭაში, კერძოდ ჭიორაში ხანძრის ახალი

კერები დაფიქსირდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენი, სახანძრო-სამაშველო სამსახურები და ადგილობრივი მოსახლეობა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრის ახალი კერის მიზეზი სავარაუდოდ, დაუდევრობაა.

გასულ კვირას ტყის მასივი ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯოსთან იწვოდა. ხანძრის ლოკალიზება მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც გაგოშიძემ აღნიშნა, მიუვალი ადგილმდებარეობისა და ხმელი ბალახის გამო ხანძრის კერების სრული განადგურება მაინც ვერ მოხერხდა. გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ ამ მდგომარეობამ ხანძრის ხელახალი გაჩენის საშიშროება შექმნას. ხანძარი იყო სვანეთის ტყეებშიც. ადგილობრივი მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ხანძარს დივერსანტები აჩენენ.