მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა - კვირის პალიტრა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე  აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა და ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმა  გაჩხრიკეს. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები აღავლინა. ზეციური ცეცხლი პატრიარქის შესვლიდან დაახლოებით 5 წუთში გადმოვიდა. ეს უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მადლისა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის საქართველოდანაც. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).