ივანიშვილის პარტია დაფუძნდა - კვირის პალიტრა

ივანიშვილის პარტია დაფუძნდა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაფუძნდა. სადამფუძნებლო ყრილობას 1109 დელეგატი ესწრებოდა. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ბიძინა ივანიშვილს პარტიის ლიდერის თანამდებობის დაკავების უფლება არ ჰქონდა.შესაბამისად, ყრილობის მონაწილეებმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ ადვოკატი მანანა კობახიძე აირჩიეს, ივანიშვილი კი პარტიის ოფიციალური ხელმძღვანელი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ გახდება. ბიძინა ივანიშვილმა დელეგატებს პარტიის დეკლარაცია გააცნო და  აღნიშნა, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ცალკეული წარმატებული რეფორმა ფასადურმა დემოკრატიამ და ავტორიტარიზმმა შეცვალა, უკეთესი მომავლის მოლოდინი საზოგადოების უდიდეს ნაწილს იმედგაცრუებად ექცა. მისი თქმით,  გამეფებულია ელიტური კორუფცია, მონოპოლიზებულია ბიზნესი და კატასტროფულად იზრდება საგარეო ვალის მოცულობა.  მისი თქმით, საგარეო ურთიერთობების ორიენტირები მიმართული უნდა იყოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია. კრიმინალთან ბრძოლა უნდა გამკაცრდეს, საქართველოს საზოგადოებას კი მისი ინტერესების დამცველი პოლიცია სჭირდება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ სამხედრო ძალების განვითარება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს. ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც აირჩიეს: გურამ ოდიშარია, ირაკლი სესიაშვილი, ივანე კიღურაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, სოზარ სუბარი, გუგული მაღრაძე, ელისო ჩაფიძე, გელა ხვედელიძე, ნოდარ ხადური, თედო ჯაფარიძე და თამაზ ავდალიანი  (ვრცლად იხ. გვ. 7, სიუჟეტი იხ. www.aplitratv.ge-ზე).