ტაძარს საძირკველი ჩაეყარა - კვირის პალიტრა

ტაძარს საძირკველი ჩაეყარა

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა. ცერემონიალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ფონდ "ივერიისას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დაესწრნენ. "ჩვენ ვართ მომსწრე დიდი ისტორიული საქმის. აქ უნდა აშენდეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რომელსაც ეწოდება "მეკარე". ქართველ ხალხს აუშენებია მრავალი ტაძარი, მაგრამ ეს ტაძარი განსხვავებულია იმით, რომ მას მთელი ერი აშენებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ერი მიდის სულიერებისაკენ, მიდის იქითკენ, სადაც ჩვენი წინაპრებია", - ბრძანა უწმინდესმა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პატრიარქის მსგავსი  წინამძღვარი მსოფლიოს არც ერთ ეკლესიას არ ჰყავს. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ტაძრის მშენებლობას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, რადგან მას ყველა ერთად აშენებს - მდიდარი და ღარიბი, ცოცხალი და გარდაცვლილი. ტაძრის საძირკვლიდან მიწა პირველად უწმინდესმა ამოიღო. ტაძარი პაატა ბურჭულაძის ინიციატივით შენდება და მასში მონაწილეობა ყველა ადამიანს შეუძლია. ბოლო ინფორმაციით, 145-მა ათასმა ადამიანმა 2 მილიონი ლარი შეაგროვა. ტაძარი სამნავიანი იქნება, მისი სიგრძე 60 მეტრს, სიგანე 75 მ-ს,  სიმაღლე კი 51 მ-ს შეადგენს. ტაძარი სვეტიცხოველზე ოდნავ დიდი იქნება (სიუჟეტი იხ. www.aplitratv.ge-ზე).