ინციდენტი პარლამენტში - კვირის პალიტრა

ინციდენტი პარლამენტში

პარლამენტის სხდომაზე "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ხელისუფლებას ჩერქეზთა გენოციდის აღიარების გამო უსაყვედურა და დაინტერესდა, რა პასუხს გასცემენ სომეხ თანამოქალაქეებს, რომლებიც სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით აქციებს მართავენ. ბაღათურიას გამოსვლამ მარნეულის მაჟორიტარი აზერ სულეიმანოვი გააღიზიანა. დეპუტატებს შორის გაწევ-გამოწევა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაღათურიას ტრიბუნასთან აკაკი ბობოხიძე მიიჭრა. ბობოხიძეს სულეიმანოვიც წაეშველა და ბაღათურიას ვაზელინიანი ტუბი ესროლა, შემდეგ მას "სომეხი" და "ბაღათურიანი" უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ვითარება გაჭირვებით განმუხტა.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში პარლამენტთან "აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის" წევრები პლაკატებით შეიკრიბნენ და ბაღათურიას განცხადება გააპროტესტეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა სულეიმანოვი ქსენოფობიურ განცხადებებში დაადანაშაულეს, სომხურმა სათვისტომომ კი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

ჯონდი ბაღათურია მომხდარს ხელისუფლების პროვოკაციას უწოდებს (ვრცლად იხ. გვ. 32, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).