საპატრიარქოს მხარი არ დაუჭირეს - კვირის პალიტრა

საპატრიარქოს მხარი არ დაუჭირეს

ინტერრელიგიური ჯგუფის მორიგ სხდომაზე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა საპატრიარქოს ორ განცხადებას მხარი არ დაუჭირეს. პირველი თბილისის ძველ უბანში მდებარე სომხური ეკლესიის კონსერვაციას შეეხებოდა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ძეგლის ჩამონგრევა. ამას სომხური ეკლესიის წარმომადგენელი შეეწინააღმდეგა იმ მოტივით, რომ ძეგლს კონსერვაცია უკვე ჩაუტარდა. მეორე განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თაობაზე ქართულ-თურქული ხელშეკრულების პროექტს შეეხებოდა. კერძოდ, საპატრიარქო მოლაპარაკებებში ჩართვასა და ხელშეკრულების სამუშაო ვერსიის გასაჯაროებას მოითხოვდა. ამ საკითხზე მსჯელობას მცირე ინციდენტიც მოჰყვა. კერძოდ, საპატრიარქოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენება იგივეა, ისრაელში ჰოლოკოსტის ძეგლები რომ დაიდგას, რადგან სულთანი აზიზიე ქრისტიანებს ხოცავდა. ამან მუსლიმანთა სამმართველოს წარმომადგენელი ვაგიკ აკბეროვი აღაშფოთა და მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.