"ქომაგი" დააყადაღეს - კვირის პალიტრა

"ქომაგი" დააყადაღეს

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქომაგის" საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ნათია მოგელაძის სამსახურმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ფონდს 90 ათასი ევრო გერმანიაში მცხოვრებმა ბიძინა გიორგობიანმა გადმოურიცხა. პალატის ცნობით, გიორგობიანი "კონსერვატიული პარტიის" საერთაშორისო მდივანი და კოალიცია "ქართული ოცნების"  წევრია, შესაბამისად, ტრანზაქცია პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული, რაც კანონდარღვევაა. ასევე, მოგელაძის სამსახურის განმარტებით, "ქომაგისა" და "ქართული ოცნების" კავშირს ისიც ადასტურებს, რომ ფონდის დაფუძნებისთანავე კოალიციის ლიდერები საჯარო გამოსვლებში "ქომაგის" მიზნებზე საუბრობდნენ. ფონდის ხელმძღვანელის, ია მეტრეველის თქმით კი, გიორგობიანი დიდი ხანია, აღარ არის "კონსერვატიული პარტიის" წევრი და ის გერმანიის მოქალაქეა. "ქომაგი" ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, მარინა ჯანაშიამ, კოტე ჯანდიერმა და ლევან გორდეზიანმა დააფუძნეს. ფონდის მიზანი პოლიტიკური ნიშნით დევნილების იურიდიული მომსახურება და ფინანსური დახმარებაა, რაც თვეში 1.500-იდან 5.000 ლარამდე უნდა ყოფილიყო.