პირველი სხდომა და აღლუმი ქუთაისში - კვირის პალიტრა

პირველი სხდომა და აღლუმი ქუთაისში

ქუთაისში პარლამენტის მშენებარე შენობაში პირველი საზეიმო სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ სიმბოლურად ბოლო მინა ჩასვეს.პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში ჩაფხუტით შევიდა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატ გიორგი თარგამაძეს გადასცა, სწორედ ქრისტიან-დემოკრატები აცხადებდნენ, რომ ნაჩქარევად აშენებულ შენობაში სხდომის ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო.

პირველ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი ვრცელი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ დღეს საქართველო ახალ ისტორიას წერს და ქუთაისის პარლამენტი ერთიანობის სიმბოლო გახდება.

პირველ სხდომას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და მთავრობის სრული შემადგენლობა.

სხდომის შემდეგ ქუთაისში პირველად ჩატარდა სამხედრო აღლუმი. ღონისძიება მომღერალმა ნიაზ დიასამიძემ, "ზუმბამ" და სუხიშვილების ნაციონალურმა ბალეტმა გახსნეს, შემდეგ კი ანა ხანჩალიანმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა. აღლუმზე პრეზიდენტმა სასულიერო და საერო პირები - ბრწყინვალების ორდენით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი კი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. აღლუმში საქართველოს არმიის ყველა სახეობის ქვედანაყოფი მონაწილეობდა, მათ შორის - სამამულო წარმოების ტექნიკა და ავიაცია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).