ივანიშვილმა დაიწყო - კვირის პალიტრა

ივანიშვილმა დაიწყო

მანიფესტაციაში 110 ათასი კაცი მონაწილეობდა

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, კოალიცია "ქართული ოცნები"" 27 მაისის მანიფესტაციაში დაახლოებით 110 ათასი კაცი მონაწილეობდა. ხალხის რაოდენობა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" საერთაშორისო მედიაში აღიარებული სტანდარტების მიხედვით გამოთვალა. სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეებს სრულად ჰქონდათ დაკავებული თავისუფლების მოედანი, ადგილი მოედნიდან კინოთეატრ ""რუსთაველამდე"", პუშკინის ქუჩა და ტერიტორია  ხელოვნების მუზეუმამდე. 27 მაისის აქციით კოალიციამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მანიფესტაციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძრნენ, - ვაკის პარკიდან, "დინამოს" სტადიონიდან და მეტრო "ავლაბრიდან". მსვლელობის მონაწილეებს მიჰქონდათ საქართველოს ძველი და ახალი, ევროკავშირის, ნატოსა და "ქართული ოცნების" დროშები. ხალხის დიდი რაოდენობის გამო, ქუჩებში მოძრაობა შეფერხდა. კოლონებმა დათქმულ დროს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედნამდე ინციდენტების გარეშე მიაღწიეს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, მოედანზე გამოძახების მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ და აქციის ორგანიზატორები თავად იცავდნენ წესრიგს. "ქართული ოცნების" აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა,  სტუდენტებმა და ომის ვეტერანთა ორგანიზაციებმა.

აქციას შეუერთდნენ "სახალხო კრება", "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეები და საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი. აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ელოდებოდნენ, რომლის მისვლა საკრებულოს შენობის წინ დამონტაჟებულ სცენაზე ხალხის სიმჭიდროვის გამო მცირე ხნით შეფერხდა. აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, შემდეგ კი ხალხს ივანიშვილმა მიმართა: "უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ და ეს მოქალაქეობა თქვენ მომანიჭეთ", - განაცხადა ივანიშვილმა. "ქართული ოცნების" ლიდერმა ხალხს სთხოვა, 1989 წლის 9 აპრილს და 2011 წლის 26 მაისის ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ. "ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ქვეყნის სამსახურში და ბოლო წლებია ვხედავ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში არ დასრულდა. სამწუხაროდ, დღეს გვყავს უგუნური მმართველი და ამას ყველა კარგად ვხედავთ. ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლების უგუნურობა უკვე იქამდე მივიდა, რომ ის ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არა ჩემი სურვილი, არამედ ჩემი მოვალეობაა, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქის", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რომელშიც "ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ  საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია და 7 თვის განმავლობაში ოპოზიციური სპექტრის ერთ მუჭად შეკვრა მოხერხდა. "ჩვენს წინააღმდეგ არის ერთი მშიშარა კაცი, რომელსაც შიშის და ძალადობის გარდა არაფერი დარჩენია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, - "ჩვენ დღეს ვიწყებთ, რომ ხვალ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ, ეს ჩვენი ღირსების საქმეა", - თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა და წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნდა, რომ ქართველი ხალხის დაშინება ძალიან რთულია. "სააკაშვილის კი არ ეშინიათ, ეს უნდობლობაა, ამიტომ "პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, თქვენი ნდობა გვაქვს მოსაპოვებელი. ჩემი ოცნებაა თითოეული ადამიანი იყოს წელგამართული, დაცული იყოს მათი უფლებები, ქვეყანაში დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობა, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლოს თავისუფლება"", - განაცხადა ივანიშვილმა. "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მათი "ოცნებაა, საამაყო პოლიცია და ჯარი ემსახურებოდეს სამშობლოს და არა კონკრეტულ პირს, უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად წასული ხალხი კი სამშობლოს დაუბრუნდეს".

"ქართული ოცნების" აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა. ანალოგიურ მანიფესტაციას კოალიცია 7 ივნისს, ქუთაისში გამართავს (ვრცლად იხ. გვ. 3,37, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).