ზღულაძე შემცირებების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ზღულაძე შემცირებების წინააღმდეგ

უწყებათაშორისი კომისია - "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის" მოუწოდებს ადმინისტრაციულ სტრუქტურებს და საჯარო სკოლებს, არჩევნების დასრულებამდე დაგეგმილი ან მიმდინარე შემცირების პროცესი შეაჩერონ. როგორც კომისიის წევრმა, შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ განაცხადა, შემცირების პროცესის შეჩერება აუცილებელია, რათა მოიხსნას კითხვები, ათავისუფლებენ თუ არა ადამიანებს სამსახურებიდან პოლიტიკური მოტივით. მისი თქმით,  დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო და ყველა შემთხვევა, სადაც ასეთი ნიშნები იკვეთება, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. თუმცა შს მინისტრის მოადგილის თქმით, მაია მიმინოშვილის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილთა კატეგორიაში არ შედის. ზღულაძემ ისიც აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისიის  ერთ-ერთ მთავარ ინტერესის საგანს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე ანგარიშსწორების ფაქტების შესწავლა წარმოადგენს.