კონტროლის პალატა აბობოქრდა - კვირის პალიტრა

კონტროლის პალატა აბობოქრდა

კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური "ქართული ოცნების" მიმართულებით "გენერალურ შეტევაზე" გადავიდა. "რუსთავი 2"-ის სიუჟეტის შემდეგ, მოგელაძის სამსახურის განცხადების საფუძველზე, ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობის ბრალდებით "ქართული ოცნების" სამ აქტივისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ივანიშვილის პარტიამ აქტივისტები, რომლებიც ქუთაისში ფლაერების დარიგებისას ამომრჩევლებს ფასიან საჩუქრებს დაჰპირდნენ, თავისი რიგებიდან გარიცხა, თუმცა მათი დაკავების ფაქტი გააპროტესტა.

ქუთაისის პოლიციაში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები დაჰკითხეს. მოგვიანებით, მოგელაძის სამსახურმა თავად ბიძინა ივანიშვილი ცნო სამართალდამრღვევად, თავისი კომპანიების მეშვეობით "ქართული ოცნების" სასარგებლოდ დაახლოებით 15 მილიონი ლარის შეწირულობაში დაადანაშაულა და სასამართლოს მისი დაჯარიმების მოთხოვნით მიმართა. შემდეგ კი კონტროლის პალატამ კანონდარღვევის ვარაუდით ფონდ "ქართუდან" და ასოციაცია "ატუდან" ფინანსური ანგარიში გამოითხოვა. "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ამ სანქციებით კოალიციის არჩევნებიდან მოხსნის საფუძველს ამზადებს.