კლინტონის ვიზიტი - კვირის პალიტრა

კლინტონის ვიზიტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოში ვიზიტისას ბევრი საინტერესო განცხადება გააკეთა. კლინტონმა საარჩევნო თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ მოუთმენლად ელოდება შემოდგომაზე საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და 2013 წელს ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემას. სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებისკენ მოუწოდა. ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შემოდგომაზე არის არჩევნები საქართველოში და არა რუსეთის სამხედრო წვრთნები, რომელიც, შესაძლოა, სწორედ არჩევნების თარიღს დაემთხვეს. "საუკეთესო, რაც საქართველომ შეიძლება გააკეთოს უსაფრთხოების, დემოკრატიულობისა და საერთაშორისო რეპუტაციის გაზრდისთვის, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა და დასძინა, რომ აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები ლეგიტიმურად აღიარებენ ნეიტრალურ პასპორტებს და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ამერიკაში მგზავრობა და სწავლა გაუადვილდება. მისი თქმით, აშშ უარყოფს ოკუპაციას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კლინტონმა აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება. ბათუმში კლინტონი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).