ბაგრატის ტაძრის პრობლემა - კვირის პალიტრა

ბაგრატის ტაძრის პრობლემა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის შეჩერება ბრძანა. როგორც უწმინდესმა განაცხადა, რესტავრაცია თვითნებურად და საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობდა. პატრიარქის ბრძანებას წინ უძღოდა იუნესკოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანეს. ექსპერტები განმარტავდნენ, რომ ტაძრის რესტავრაცია თანამედროვე კომპონენტებით მიმდინარეობს, მაგალითად, ძეგლის დასავლეთ ნაწილში ლიფტის ჩაშენება იგეგმებოდა. შესაბამისად, რეალურია საფრთხე, რომ ტაძარმა დაკარგოს ავთენტურობა და იუნესკომ ის კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღოს. კულტურის მინისტრი ნიკა რურუა კი აცხადებდა, რომ ბაგრატის ტაძართან დაკავშირებული განცხადებები პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურებოდა. მისი მტკიცებით,  პრობლემა იუნესკოს საშუალო დონის ექსპერტის არასწორმა დასკვნამ შექმნა, რომელიც უკვე მოგვარებულია.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბაგრატის ტაძრის დასავლეთ ნაწილში ლიფტი აღარ ჩაშენდება და არც მინას გამოიყენებენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).