ომი ანტენებთან - კვირის პალიტრა

ომი ანტენებთან

21 ივნისს პროკურატურის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლომ "გლობალ ტვ"-ის დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღება გადაწყვიტა. პროკურატურის აზრით, მოსახლეობისთვის ანტენების დამონტაჟება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა გადაწყვეტილებას ხელი ელექტრონული ფორმით (ინტერნეტით) მოაწერა. პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველები თითქმის ერთდროულად შევიდნენ საქართველოს მასშტაბით "გლობალ TV"-ის, "ელიტა ბურჯის" ოფისებში და ქობულეთის გასართობ პარკ "ციცინათელას" ადმინისტრაციაში. მიზანი იმ საწყობების დალუქვა იყო, სადაც სატელიტური ანტენები ინახებოდა. სამართალდამცველთა ქმედებას ზემოხსენებული კომპანიების მუშაობის პარალიზება მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით,  დაყადაღებულია "გლობალ TV"-ის 300 ათასზე მეტი ანტენა, კომპანიამ კი დაახლოებით 7 მილიონი იზარალა. ამ საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციები სწავლობენ. მათი განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და პოლიციის ქმედებების კანონიერების თაობაზე ბევრი კითხვა არსებობს.

Kკოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მომხდარს პოლიტიკური დევნის კლასიკური ნიმუში უწოდა და დიპლომატიურ კორპუსს შეატყობინა. სახალხო დამცველის განცხადებით კი, როდესაც საქმე მედიასა და ინფორმაციის გავრცელებას ეხება, ხელისუფლებამ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს (ვრცლად იხ. გვ. 6, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).