რუსებმა გალში დამატებითი კონტინგენტი შეიყვანეს - კვირის პალიტრა

რუსებმა გალში დამატებითი კონტინგენტი შეიყვანეს

რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში  დამატებითი სამხედრო ძალა შეიყვანეს. "გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯსა და საბერიოში დაახლოებით 500 სამხედრო და

მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდა "ენგურჰესის" მიმართულებით. ამ პერიმეტრზე ყველა გადასასვლელი ბილიკი მკაცრად კონტროლდება", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამიამ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაახლოებით 350 რუსი სამხედრო და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაშიც.

"რუსული სამხედრო კონტინგენტის ასეთი გაძლიერება საგანგაშოა. ამ ვითარებით თავად აფხაზებიც შეშფოთებული არიან. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ კონფლიქტის ზონასა და მთლიანად აფხაზეთში შექმნილ  ვითარებაზე. ამ ფონზე არც სამხედრო ესკალაციაა გამორიცხული. თაგილონში, ფიჩორსა და ოტობაიაში რუსული სამხედრო ბაზებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი ბარამიამ.