წყალდიდობა კახეთში - კვირის პალიტრა

წყალდიდობა კახეთში

გადაუღებელი წვიმის გამო კახეთში წყალდიდობაა. ადიდებულმა მდინარე კაბალმა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო მიწები დატბორა. ლაგოდეხის

რაიონის  სოფელ უზუნთალაში სამი სახლი მთლიანად დაინგრა, დატბორილია 50-მდე სახლის პირველი სართული. "უზუნთალიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან შესაძლოა მოსახლეთა სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. დატბორილ ადგილებში მსუბუქი მანქანით გადაადგილება ვერ ხერხდება, მოძრაობა მხოლოდ ტრაქტორით არის შესაძლებელი. ახლა სამაშველო სამსახურების გამოძახებას ვაპირებთ, რადგან სტიქიას ჩვენი ძალებით ვეღარ ვუმკლავდებით", - განაცხადა  სოფლის გამგებელმა ჯემალ ნიაზოვმა.

რამდენიმე მდინარე ერთდროულად ადიდდა ყვარელშიც. სოფელ ჭიკაანში ხევის წყალმა დამცავი ჯებირი გაარღვია და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ახმეტის რაიონში მდინარე ილტო ადიდდა და საავტომობილო გზა დაანგრია, რის შედეგადაც რაიონულ ცენტრს მოსწყდა სოფლები: საბუე, ვეძები, ნადუქნარი, შახვეტილა და ჭართალა. ამ სოფლებამდე მისვლა მხოლოდ საცალფეხო ბილიკითაა შესაძლებელი. მდინარემ წააქცია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები და სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ.