NDI-ს კვლევები - კვირის პალიტრა

NDI-ს კვლევები

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი კვლევის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 4-22 ივნისს ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას საპროტესტო აქციებისკენ რესპონდენტთა 27% მხარს დაუჭერს, 53% არ დაუჭერს, 19%-ს კი გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას გამოკითხულთა 33% ემხრობა, 33% კი წინააღმდეგია. კითხვაზე - "საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?" – რესპონდენტთა 43%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, 38%-ის აზრით, საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, 18%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის. აღსანიშნავია, რომ ამ კითხვაზე NDI-ის მიერ თებერვალში ჩატარებულ გამოკითხვაზე დადებითი პასუხი 49%-მა გასცა. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, სამუშაო ადგილები გამოკითხულთა 58%-მა დაასახელა, ტერიტორიული მთლიანობა - 33%-მა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა - 33%-მა, სიღარიბე - 27%-მა, პენსიები - 21%-მა, ფასების ზრდა-ინფლაცია - 19%-მა, სამართლიანი არჩევნები - 16%მა, ხელფასები - 15%-მა, განათლება კი - 11%-მა. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რესპონდენტთა 75% აპირებს. კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 44%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს (სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).