"ქართუ ჯგუფს" უგულავა დაუნიშნეს - კვირის პალიტრა

"ქართუ ჯგუფს" უგულავა დაუნიშნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუ ჯგუფის" აქციების 100%-ისა და "პროგრეს ბანკის" აქციების დროებით მმართველად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა დანიშნა. კანონით, უგულავამ აქციები მანამდე უნდა მართოს, სანამ არ დაიფარება 74-მილიონიანი ჯარიმა, რომლის გადახდაზეც ბიძინა ივანიშვილი მისი უკანონობის მიზეზით უარს აცხადებს. უგულავას ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ის იყო, რომ თანამდებობიდან დაითხოვა "ქართუ ბანკის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი და დირექტორატი. "ქართუ ჯგუფის" ადვოკატ პაატა კიკნაველიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მმართველის დანიშვნაზე სხდომის გამართვის შესახებ მეორე მხარეს არ შეატყობინეს. "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციები იძულებით მართვას მას შემდეგ დაექვემდებარა, რაც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ  აუქციონზე მათ მყიდველი არ გამოუჩნდა. ამასთან, აუქციონის გამართვამდე თბილისში პრესკონფერენცია გამართა ადვოკატმა კრის ვასილიადესმა და განაცხადა, რომ აქციებს 14 უცხოური და 2 ქართული კომპანია ფლობს, რომლებთანაც კავშირი ბიძინა ივანიშვილს არ აქვს (სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).