სტიქიის ზონა - კვირის პალიტრა

სტიქიის ზონა

19 ივლისს კახეთს, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთს სტიქიამ შეუტია. ძალზე დაზარალდა კახეთი, სადაც წვიმასა და სეტყვას ქარიშხალიც დაერთო.

ქარიშხალი გამთენიისას ამოვარდა და თან მიწისძვრის მსგავსი ბიძგები მოჰყვა. ხალხის ნაწილმა, იმის შიშით, სახლი თავზე არ დანგრეოდა, ღამე გარეთ გაათენა. ქარიშხალმა ასობით სახლს გადახადა სახურავები, წააქცია გადამცემი ბოძები, ამოძირკვა უზარმაზარი ხეები, გაანადგურა ენერგო- თუ წყლის ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის დიდ ნაწილს მთლიანად გაუნადგურდა ნათესები და ვენახი, დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. თელავი დილით ნაომარ ქალაქს ჰგავდა.

სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა სახლებსა და ინფრასტრუქტურას გურჯაანსა და სამცხე-ჯავახეთის რაიონებში: ასპინძაში, ვალესა და ახალციხეში. დაშავდა 25-მდე კაცი. Pპრეზიდენტმა შექმნა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შტაბი, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. ხელისუფლებამ დაზარალებულები რამდენიმე კატეგორიად დაყო: ისინი, რომლებმაც მთლიანად დაკარგეს მოსავალი, კომპენსაციად 1.300-1.500 ლარს მიიღებენ, მოსავლის 70-80%-ის დამკარგავები - 800-900 ლარს, ხოლო 50%-ისა -– 300-500 ლარს. დაზარალებულებს ურიგებენ სურსათსა (5 კგ. მაკარონი, 5 კგ. შაქარი, 2 ლ. ზეთი) და სამშენებლო მასალას. Mმიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ზარალი რამდენიმე ასეული მილიონი ლარით განისაზღვრება (ვრცლად იხ. გვ. 6-7, სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).