ბოდიში და საყვედური - კვირის პალიტრა

ბოდიში და საყვედური

პრეზიდენტის ცაიშში ვიზიტისას, იმის შიშით, რომ სოციალურად დაუცველი როზა წყაბელია მიხეილ სააკაშვილთან არ მისულიყო და დახმარება არ ეთხოვა, მეზობლებმა გაიტაცეს და მოგვიანებით სახლში მიიყვანეს. ინციდენტის ამსახველი კადრები მედიით გავრცელდა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პირადად ეწვია წყაბელიას, ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ მას და გაჭირვებულს შორის ვერავინ ჩადგება. რამდენიმე დღის შემდეგ სტიქიით დაზარალებულ თელავში, სადაც სააკაშვილი და გიგი უგულავა სკვერს ხსნიდნენ, პრეზიდენტთან "მიუშვეს" სტიქიით დაზარალებული მარტოხელა დედა ვერიკო კობიაშვილი, რომელმაც სააკაშვილს უსაყვედურა: "ბატონო მიხეილ, ჰკითხეთ ერთი ჩემს 5 წლის შვილს, სკვერი ურჩევნია, თუ სახურავი?" მისი თქმით, სანამ პრეზიდენტის ამ ეზოში მოსვლა არ დაიგეგმა, ისინი არავის მოუკითხავს. მიხეილ სააკაშვილი არ დაბნეულა, ქალი დაამშვიდა და საკმაოდ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა მთავრობის ეფექტიან მოქმედებასა და თელავის აღმშენებლობაზე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).