"საქართველო არ დაეცემა" - კვირის პალიტრა

"საქართველო არ დაეცემა"

"საქართველო არ დაეცემა, საქართველო ძლიერია!" - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2 აგვისტოს საპატრიარქოში, უწმინდესის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი საღამოს დასრულების შემდეგ. პატრიარქის თქმით, ეს ქვეყანა ჰგავს კიბეს, რომლის მეშვეობითაც ზეციდან დედამიწაზე "ჩვენი წმინდა წინაპრები ჩამოდიან და გვლოცავენ... მართალია, საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა და კიდევ გამოივლის, მაგრამ საქართველო არ დაეცემა, რადგან საქართველო ძლიერია". მანამდე კი, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, უწმინდესმა საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და ყველა მხარეს სთხოვა, კამათისა თუ საუბრის დროს ნუ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას და მოთმინება იქონიონ. "მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და ვთხოვ ყველას, იქონიოთ სიბრძნე, მოთმინება და ისეთი სიტყვა არ თქვათ, რომ მერე შეგრცხვეთ. ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება, შეუძლია ბევრი სიკეთე და ბევრი ბოროტება გააკეთოს, ამიტომ შევთხოვთ უფალს, ყველას სიკეთე აკეთებინოს. უფალი იყოს ჩვენი მასწავლებელი, წინამძღვარი. თუ გვექნება იმედი და მივენდობით ღვთის ნებას, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ილია II-მ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).