ივანიშვილი და კალაძე დააჯარიმეს - კვირის პალიტრა

ივანიშვილი და კალაძე დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე ბიძინა ივანიშვილი 20.243.827 ლარით, კახი კალაძე კი 16.944.900 ლარით დააჯარიმა. ამასთან, კალაძეს სასამართლომ  დაუყადაღა უძრავ-მოძრავი ქონება და  ძალაში დატოვა მისი საბანკო ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება. აუდიტის სამსახურის მტკიცებით,  ივანიშვილმა და კალაძემ  დანიშნულების მითითების გარეშე ანგარიშიდან რამდენიმე მილიონი ლარი მოხსნეს. უწყებამ მათ თანხების ისევ პირად ანგარიშებზე დაბრუნება მოსთხოვა, რაც  კალაძემ და ივანიშვილმა არ შეასრულეს. იურისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აუდიტის სამსახურის მოთხოვნას  აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, საკუთრების უფლება სწორედ იმას გულისხმობს, რომ მოქალაქემ თავისი თანხები თავისუფლად განკარგოს და არ ევალება მიუთითოს, სად ხარჯავს ფულს. თუმცა სასამართლომ გაიზიარა აუდიტის სამსახურის არგუმენტი, რომ ივანიშვილმა ზემოხსენებული თანხა "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობისთვის გამოიყენა. "ქართული ოცნების" ადვოკატებმა ამ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს და აღნიშნეს, რომ თანხა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახლში ინახება და არსებობს შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაცია (ვრცლად იხ. გვ. 14, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).