ახმეტაში ჟურნალისტებს სცემეს - კვირის პალიტრა

ახმეტაში ჟურნალისტებს სცემეს

ახმეტაში სტუდია GNS-ის ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილსა და ოპერატორ ბაჩო ბულისკერიას სცემეს და ტექნიკა გაუნადგურეს. ჟურნალისტების თქმით, მათ იმ საწარმოს გადაღებისას დაესხნენ თავს, სადაც უკანონოდ მოჭრილი ხეტყე ინახებოდა. GNS-ის ჟურნალისტები ფიზიკური დაზიანებებით ახმეტის საავადმყოფოში მოხვდნენ, თუმცა იქიდან მალევე გაწერეს. მათ პოლიციაში იჩივლეს. ამავე დროს სამართალდამცველებს განცხადებით მიმართეს ახმეტელებმა ზაურ ყარმაზანაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშვილმა, რომელთა მტკიცებითაც, ჟურნალისტები მათ ტერიტორიაზე უკანონოდ შეიჭრნენ. სტუდია GNS -ის ხელმძღვანელ ნანა ლეჟავას ინფორმაციით, მათ აქვთ ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტები არავის კერძო ტერიტორიაზე არ შესულან. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამ ინციდენტით ომბუდსმენიც დაინტერესდა. (ვრცლად იხ. გვ. 6, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).