ყვითელი ბარათი ეუთოსგან - კვირის პალიტრა

ყვითელი ბარათი ეუთოსგან

ეუთოს საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა, აშფოთებს საქართველოში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია. "განსაკუთრებით გვაწუხებს რამდენიმე სამართალდამცავი ინსტიტუტის მოქმედება. ჩვენი აზრით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვითნებურად იყენებს ძალაუფლებას პარტიის თუ ინდივიდუალური ხარჯვის კანონიერების დასადგენად, იღებს საეჭვო გადაწყვეტილებებს და მკაცრ ჯარიმებს აკისრებს ნათელი ან გამჭვირვალე ინსტრუქციების გარეშე. ჯარიმები არაპროპორციულია და აშკარად შერჩევითაა გამოყენებული ძირითადად ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ", - განაცხადა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ტონინო პიცულამ. მისივე განცხადებით, დელეგაცია ხედავს პრობლემებს, შეიძლება ეს იყოს არაობიექტურობა სამართალდამცავი ინსტიტუტების მოქმედებებში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი კი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებს ხედავს:“"ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანი მტრების განადგურების მცდელობაა და არა პროგრამების წარდგენა". ექსპერტების შეფასებით, ეუთოს დელეგაციის განცხადება ხელისუფლებისთვის ყვითელი ბარათის ჩვენების ტოლფასია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).