ოპერაცია ლოპოტაში - კვირის პალიტრა

ოპერაცია ლოპოტაში

საქართველოს შს და თავდაცვის სამინისტროების ძალებმა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტის ხეობაში, სპეცოპერაცია ჩაატარეს. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა 26 აგვისტოს სოფელ ლოპოტაში მცხოვრები 5 ახალგაზრდა მძევლად აიყვანა. მათ მძევლებად ჯერ მესაზღვრეები, შემდეგ კი შსს-ს ოფიცერი ჩაენაცვლა. სპეცოპერაცია 28 აგვისტოს, საღამოს დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მანამდე შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დანებება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. სპეცოპერაციისას, რომელშიც შვეულმფრენებიც მონაწილეობდნენ, ლოპოტის ხეობა ბლოკირებული იყო. შსს-ს ვარაუდით, დაჯგუფება დაახლოებით  20 კაცისაგან შედგებოდა. ოპერაციისას დაიღუპნენ შსს-ს 2 თანამშრომელი და სამხედრო ექიმი. როგორც ოფიციალური სტრუქტურები იუწყებოდნენ, ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, 6 კი ალყაში მოაქციეს. თუმცა, 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით რომელიმე შეიარაღებული პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მეტიც, მეცხვარეები ლოპოტის ხეობაში 6 შეიარაღებულ პირს გადააწყდნენ და გაქცევით უშველეს თავს.

შსს-მ ოპერაციის აქტიური ფაზის დასრულების შესახებ 30 აგვისტოს განაცხადა. მისივე ცნობით, დაღუპულების დიდი ნაწილი ჩრდილოკავკასიელია. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთაგან ზოგიერთი პანკისის ხეობიდან იყო. ექსპერტმა მამუკა არეშიძემ დაასახელა გვარებიც: ბაჰაუდ ალდამოვი, ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდ ბაღაკაშვილი და მუთოშვილი, რომლის შესახებაც ინფორმაციას ადგენდნენ. საპასუხოდ, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ ლიკვიდირებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან (ვრცლად იხ. გვ. 3,5,6,7,8, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).