ლოპოტაში ლიკვიდირებულები პანკისში დაკრძალეს - კვირის პალიტრა

ლოპოტაში ლიკვიდირებულები პანკისში დაკრძალეს

ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულები: ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ქავთარაშვილი (ალდამოვი) და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს. შსს-ს ინფორმაციით, ქავთარაშვილი (ალდამოვი) და მარგოშვილი საქართველოს მოქალაქეები არიან. ოფიციალური ინფორმაციით, 11-დან 7 ლიკვიდირებულის იდენტიფიკაცია მოხერხდა. ქავთარაშვილის, მარგოშვილისა და ბაღაკაშვილის გარდა, ლოპოტის ხეობაში დაიღუპნენ დუკვახა დოშუევი, სალამ ზაურბეკოვი, ხაშიევ ჯაბრაილი და მუსა ადუევი.

ამასთან, დუკვახა დოშუევი იჩქერიის ყოფილი პრემიერის, ახმედ ზაკაევის პირადი მცველი აღმოჩნდა. ეს ზაკაევმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა დოშუევი ლოპოტის ხეობაში. ეს გაუგებარია დაღუპულების ნათესავებისთვისაც - ასლან მარგოშვილის ბიძა ვახტანგ მარგოშვილი აცხადებს, რომ მისმა ძმისშვილმა სროლაც კი არ იცოდა. ამასთან, ზაკაევის  თქმით, იჩქერიის დევნილმა მთავრობამ უკვე შექმნა ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი კომისია და ქართულ მხარეს თანამშრომლობა სთხოვა. საქართველოს ხელისუფლება ზაკაევის შეთავაზებას არ გამოხმაურებია. ოფიციალური თბილისი არც იმაზე აკეთებს კომენტარს, როგორ მოხვდა ეს შეიარაღებული ჯგუფი ლოპოტის ხეობაში, სად მიდიოდნენ და რა მიზნები ჰქონდათ. ამასთან, ლოპოტაში 8 სექტემბერს შეიარაღებული ჯგუფის დაჭრილი წევრი ახმეტ ჩატაევი ("ცალხელა") დააკავეს (ვრცლად იხ. გვ. 10)