დასავლეთს პოლარიზაცია აშფოთებს - კვირის პალიტრა

დასავლეთს პოლარიზაცია აშფოთებს

"1-ლი ოქტომბრის არჩევნები იქნება ტესტი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს შეამოწმებს", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დელეგაცია შეშფოთებულია მხარეებს შორის არსებული პოლარიზაციითა და ანტაგონიზმით, რაც საარჩევნო კამპანიას ჩრდილს აყენებს. "მოვუწოდებთ ყველა პარტიას, თავი შეიკავონ ნეგატიური საარჩევნო კამპანიისგან", - განაცხადა ვოლონტემ. მან ხელისუფლებას მოუწოდა აღმოფხვრას ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების ყველა შესაძლებლობა, საარჩევნო სუბიექტები კი ნუ დასვამენ კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგს მაშინ, როდესაც ის ჯერ არ ჩატარებულა. ვოლონტეს თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება Must Carry-ის და Must Offer-ის კანონის მიღებას, თუმცა, Must Carry-ის პრინციპი არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

საარჩევნო გარემოს პოლარიზებაზეა საუბარი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშშია დაფიქსირებული, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხშირია საჯარო ბრალდებები, რომლებსაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უყენებენ. მისიის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ საკითხად იქცა. მედიაგარემო მრავალფეროვანია, თუმცა, მედიასაშუალებები პოლიტიკური ნიშნით არიან დაყოფილი და მხოლოდ რამდენიმე მათგანი ახერხებს შედარებით დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარებას.