ფულეს პირობა - კვირის პალიტრა

ფულეს პირობა

გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე მზად არის, შეხვდეს "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა, მას წინა პირობებს უყენებს. როგორც რადიო "თავისუფლებას" ფულეს სპიკერმა პეტერ სტანომ განუცხადა, შეხვედრის ინიციატორი ივანიშვილია. ფულეს წინა პირობების მიხედვით კი, ის შეხვდება "ქართული ოცნების" ლიდერს, თუ ივანიშვილი ხელს მოაწერს "პარტიათა ქცევის კოდექსს" და მისთვის მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტული სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უპირველესად კი ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, "პარტიათა ქცევის კოდექსის" ერთიანი ვარიანტი არ არსებობს. არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ქცევის კოდექსი, ასევე არასამთავრობო სექტორის მომზადებულ დოკუმენტზე მმართველი გუნდისა და "ქართული ოცნების" მიერ დამატებული პუნქტების შემცველი კიდევ ორი დოკუმენტი.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ფულესთან შეხვედრა არ უთხოვია, მას ხელისუფლებამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და "პარტიათა ქცევის კოდექსზეც" ხელი უკვე მოწერილი აქვს.