"ქართული ოცნების" აქცია ახალციხეში - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" აქცია ახალციხეში

"ქართულმა ოცნებამ" რიგით მეათე აქცია ახალციხეში გამართა. როგორც სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, "კულტურასა და განათლებას დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოაქვს და სწორედ თავისუფლებაა ის, რასაც გამალებით ებრძვის ხელისუფლება". მისივე თქმით, ხელისუფლება ხალხს ხშირად ტყუილად აშინებს, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში ციხიდან დამნაშავეები გამოვლენ, სინამდვილეში კი მმართველმა გუნდმა დამნაშავენი თვითონ გაათავისუფლა და ზონდერბრიგადებში გადაანაწილა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით,"ქართული ოცნება" სამართლიანობისთვის ბრძოლაში მარტო არ იქნება, რადგან უცხოელები იმდენად გააწბილა სააკაშვილმა, რომ აღარავინ დახუჭავს თვალს მის უკანონობებზე. მან 8 სექტემბერს გამართულ მმართველი პარტიის ყრილობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ნაციონალების" ყრილობაზე ჯოხებით მიყარეს ხალხი, მაგრამ 150 ათასზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანეს. "აქამდე მხოლოდ სააკაშვილი ამბობდა ათას სისაძაგლეს, რომელიც დიდი ხანია უხამსობაში გადავიდა, ახლა კი მისი ერთგული მერაბიშვილი და უგულავაც არ ჩამორჩებიან, - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, - არასოდეს დამითვლია, რამდენს ვიხდიდი ქვეყნის დასახმარებლად, მაგრამ ახლა, როცა დამანგრეველობას მწამებენ, გეტყვით, რომ ჩემ მიერ გაღებული თანხით ხელისუფლების მაღალ-მაღალი ხელფასებიც რიგდებოდა, შენობებიც შენდებოდა და რემონტდებოდა, პოლიციასა და ჯარსაც ვეხმარებოდი. ვეხმარებოდი გაჭირვებულებს, მაგრამ ქვეყანასა და ხალხს ბევრი ვერაფერი ვუშველე", - განაცხადა ივანიშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).