საქართველოს შავი წიგნი უკვე იკინძება - კვირის პალიტრა

საქართველოს შავი წიგნი უკვე იკინძება

7 ნოემბერს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა სასტუმრო "რედისონ-ივერიაში" საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მისი განცხადებით, ოპოზიციამ ბოლო 6 წლის განმავლობაში ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა პოლიტიკურ პროცესებზე.

- "ჩვენ წავედით დიალოგზე, გამოვედით ქუჩაში, ჩავატარეთ საპროტესტო აქციები, შევედით პარლამენტშიც, დავტოვეთ ეს პარლამენტიც. დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ, რომ ვერაფერს ვშველით ამ ქვეყანას, რომელიც მიექანება ტოტალიტარიზმისკენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის თქმით, ბიზნესი, მედია, ადამიანის სიცოცხლე, საკუთრება - საქართველოში ყველაფერი ეს უგულებელყოფილია. ამის წინააღმდეგ კი ოპოზიციამ და საზოგადოებამ 6 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთა. ""საქართველოს გზამ" წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებებს განიხილავს. ზურაბიშვილის თქმით, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მათ შორის ისინიც,  ვინც ""რედისონში' არ იმყოფებოდნენ ("ეროვნული ფორუმი" და "ალიანსი საქართველოსთვის") დათანხმდნენ, რომ თავიანთი დასკვნები მოამზადონ განვლილი 6 წლის შესახებ. ყველა ეს დასკვნა აიკინძება ერთ წიგნად. ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ეს დასკვნა შეიძლება 23 ნოემბრამდე მოესწროს და მისი სახელწოდება იქნება - "საქართველოს შავი წიგნი".