"არ აწამო" - კვირის პალიტრა

"არ აწამო"

ტელეეთერით გავრცელებულ საზარელ ვიდეომასალას, რომელიც  პატიმრების წამებასა და შეურაცხყოფას ასახავს, საქართველოში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში საპროტესტო აქციები იმართებოდა, მთავარი მამოძრავებელი ძალა სტუდენტები იყვნენ.  თბილისში ხალხმრავალი  აქციები რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა - ფილარმონიასთან, გლდანის ციხესთან,  პროკურატურასა და მოდულის შენობასთან.

აქციის მონაწილეები დამნაშავეების დასჯას და სასჯელაღსრულების, იუსტიციის, შს მინისტრებისა და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვდნენ. აქციაზე პროტესტის ნიშნად ცოცხებს წვავდნენ. ახალგაზრდებს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადეს პირველ რიგში მათ, ვინც პოლიტიკისგან შორს იდგნენ - ლეგენდარულმა ქართულმა ანსამბლებმა, მუსიკოსებმა, სპორტსმენებმა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა. პროტესტის მთავარი ლოზუნგი იყო - "არ აწამო". აქციები 21 სექტემბრამდე ინციდენტების გარეშე მიმდინარეობდა. ამ დღეს კი მომიტინგეები ახალ იუსტიციის სახლთან, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა, პოლიციელებმა არ მიუშვეს, რასაც შეხლა-შემოხლა და აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება მოჰყვა. პოლიციამ ასევე დააკავა დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილი. მათი მეგობრების ცნობით, ცაგურია პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემეს. პროტესტი გრძელდება. საზოგადოება მიიჩნევს, რომ თანამდებობებიდან სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძისა და შს მინისტრ ბაჩო ახალაიას გადადგომა საკმარისი არ არის (ვრცლად იხ. გვ. 5,6,7,8,11,31,32, სიუჟეტი იხ. www.palitratv.geგე-ზე).