"ჩვენ მსოფლიოს საოცრება ვანახეთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მსოფლიოს საოცრება ვანახეთ"

29 სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" თბილისსა და ქუთაისში შემაჯამებელი აქცია გამართა. დედაქალაქში აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ ვაკის პარკიდან, ეროვნული სტადიონიდან, ავლაბრიდან, თსუ-დან და სპორტის სასახლიდან დაიძრნენ. იქ მისულ კოლონებს კი მოედანი უკვე სავსე დახვდათ. "ჩვენ მსოფლიოს საოცრება ვანახეთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე ხალხის რაოდენობის შეფასებისას. მისი თქმით, საქართველოს საპატიმროებში უსასტიკესი სისტემის შექმნას ხელისუფლებამ 9 წელი მოანდომა და მიხეილ სააკაშვილი შეეხო უმთავრეს ღირებულებას - ადამიანს, რადგან ძალადობითა და ტყუილის პროპაგანდით ხალხის გადაგვარება უნდოდა. "ისინი ამ სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავენ. აღარ შეიძლება ამ ხალხს ხელისუფლება ერქვას", - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" არ დაუშვებს, რომ "კანონიერი ქურდი" ქურდად მომჯდარმა ხელისუფალმა ჩაანაცვლოს". კოალიციის ლიდერმა ხალხს მოუწოდა, არჩევნებზე გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღოს: "ჩვენი საზოგადოება, რომელიც 9 წლის განმავლობაში უამრავი სისასტიკისა და დანაშაულის მოწმე გახდა, გაბრაზდა, მაგრამ არ მინდა, თქვენი არჩევანით ანგარიში გაუსწოროთ". ივანიშვილმა პოლიციასაც მოუწოდა, არ აღმართოს ხელი დებსა და ძმებზე.

ქუთაისში კი აქცია ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. თბილისის მსგავსად, აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო ცენტრალური ქუჩები პარალიზებული იყო. ქუთაისელებს გუბაზ სანიკიძემ და კოალიციის სხვა ლიდერებმა მიმართეს და განაცხადეს, რომ ამ გამარჯვებას არჩევნებში მხოლოდ ფორმალურად გაფორმება სჭირდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).