პროტესტის კვირა - კვირის პალიტრა

პროტესტის კვირა

გასულ კვირას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებული სტუდენტებისა და ახალგაზრდობის პროტესტი გრძელდებოდა. მთავარი მოთხოვნა იყო ყველა იმ მაღალჩინოსნის დასჯა, რომლებიც მონაწილეობდნენ პატიმრების წამებაში ან მფარველობდნენ ამას. დემონსტრანტებმა რამდენიმე მსვლელობაც მოაწყვეს. მათ თავდაცვის სამინისტროსთან მინისტრ დიმიტრი შაშკინისა და მისი მოადგილის, ბაჩო ახალაიას დაპატიმრება მოითხოვეს. მთავრობის კანცელარიასთან კი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გაიმართა აქცია. ახალგაზრდებს სოლიდარობა საზოგადოების ყველა ფენისა თუ პროფესიის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. აქციები ორგანიზატორთა ძალისხმევით, ძირითადად, ინციდენტების გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა, ერთხელ სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლა მაინც მოხდა, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეები ახალგახსნილი იუსტიციის სახლისკენ არ გაუშვა, სადაც სიტყვით პრეზიდენტი გამოდიოდა. სტუდენტური გაერთიანებების განცხადებით, აქციები გაგრძელდება.