"არაერთხელ გავაფრთხილე კალმახელიძე" - კვირის პალიტრა

"არაერთხელ გავაფრთხილე კალმახელიძე"

"მე არაერთხელ გავაფრთხილე ქალბატონი კალმახელიძე, დედობა გაუწიე პატიმრებს, ნუ აწამებთ-მეთქი. ასევე, სხვა თანამშრომლებს ვაფრთხილებდი, მაგრამ, ალბათ, ეს არ იყო საკმარისი და ისინი მაინც აგრძელებდნენ და აგრძელებენ ამ საშინელებას", - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. უწმინდესის თქმით, ვერაფერი გაამართლებს ადამიანს, რომელიც ამას აკეთებს და ეს არის დანაშაული და უდიდესი ცოდვა ღვთისა და ხალხის წინაშე. თუ ადამიანი ამ საშინელებას არ მოინანიებს, ეს ცოდვა გადავა თაობიდან თაობაზე და მოეკითხება შვილებსა და შვილთაშვილებს. "არიან უკვე ახალი პატიმრები, აპატიმრებენ, ვინც ლაპარაკობს ამის შესახებ. მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი, ახალდაპატიმრებულები, გამოუშვან, გამოუშვან ასევე ავადმყოფები, იმიტომ, რომ ეს ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას, მტრობას", - ბრძანა პატრიარქმა. მისი უწმინდესობის თქმით, ეკლესია დიდი ხანია, სვამს საკითხს ციხეში მოძღვრის, კაპელანის დანიშვნის შესახებ, რაც დღემდე არ არის დადებითად გადაწყვეტილი. პატრიარქის აზრით, სტუდენტების პროტესტი სამართლიანი იყო. "ჩვენი ახალგაზრდებისა და სტუდენტების რეაქცია იყო სამართლიანი და ეს არის ბარომეტრი ჩვენი სულიერებისა", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).