ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა - კვირის პალიტრა

ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შეხვდა. ივანიშვილის განცხადებით, თვითონვე არის გარანტი იმისა, რომ ბიზნესს ვერავინ შეავიწროებს და თუ საჭიროებას დაინახავს, პირადი კაპიტალით დაეხმარება ქართულ ბიზნესს განვითარებაში. მან ბიზნესსექტორს ხელისუფლებასთან ახლო კავშირისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. "ხელისუფლებისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ და როგორც კი დამეგობრების მცდელობას ექნება ადგილი, ყვირილი დავიწყოთ, რომ გვაუპატიურებენ", - მიმართა ივანიშვილმა ბიზნესმენებს. "ქართული ოცნების" ლიდერმა მონოპოლიების პრობლემებზეც ისაუბრა და შეკამათებაც მოუვიდა "ავერსის" დამფუძნებელ პაატა კურტანიძესთან, რომელიც აცხადებდა, რომ ფარმაცევტულ სფეროში მონოპოლიები არ არის. "მონოპოლიებს არ შევეგუებით და სანამ მოგაკითხავენ, იზრუნეთ, რომ მოგონილი ფასები მოიყვანოთ ჭკუაზე და ნორმაზე, რათა მომავალში არ დაგვჭირდეს ამაზე ზედმეტი კითხვები და ვინმეს უხერხულ სიტუაციაში ჩადგომამ არ მოუწიოს", –- განაცხადა ივანიშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).