პროგრესი იყო, მაგრამ ხარვეზებიც დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

პროგრესი იყო, მაგრამ ხარვეზებიც დაფიქსირდა

საპარლამენტო არჩევნებს 61 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. ერთობლივ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. მათი სახელით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტონინო პიცულამ განაცხადა, რომ საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა. არჩევნებს პროგრესი უწოდა ევროპარლამენტის წარმომადგენელმა მილან ჩებრნოხმა, თუმცა აღნიშნა, რომ ხარვეზებიც დაფიქსირდა. ევროსაბჭოს წარმომადგენელმა ლუკა ვოილონტემ კი განაცხადა, რომ ნაკლოვანებების მიუხედავად, არჩევნები ძალზე კონკურენტუნარიანი იყო. IRI-ს მისიამ  საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა არათანაბარი რაოდენობის საკითხზე ისაუბრა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ამომრჩეველმა მონაწილეობა მიიღო ყველაზე კონკურენტულ და სანდო საპარლამენტო არჩევნებში. NDI-ს პრეზიდენტ კენეტ ვოლაკის აზრით, ამომრჩევლის არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა ციხის სკანდალმა და ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, რომ NDI-ს კვლევებისა და არჩევნების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდება. მისი თქმით, 1-ლი ოქტომბრის არჩევნები პლურალისტური საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).