ავლაბრის ზავი - კვირის პალიტრა

ავლაბრის ზავი

პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გაიმართა. მათ დაახლოებით 40 წუთი ისაუბრეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს. "ჩვენ ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ჩვენი კულტურა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდგომ. მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ივანიშვილის თქმით, თანხვედრაა იმაში, რომ ევროპა და ევროატლანტიკური გაერთიანებისკენ სწრაფვა პრიორიტეტია. "კარგია, რომ სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ გააკეთა განცხადება, რომელიც მე შევუქე", - დასძინა ივანიშვილმა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით უნდა შეიცვალოს. "ჩვენ შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე, მაგრამ მე როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველვყოფ, რომ გადასვლამ მთავრობის ფუნქციებს შორის ჩაიაროს ექსცესების გარეშე", - აღნიშნა პრეზიდენტმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).