"ცვლილებებს დიდი სიბრძნით უნდა შევხვდეთ" - კვირის პალიტრა

"ცვლილებებს დიდი სიბრძნით უნდა შევხვდეთ"

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  II იმედოვნებს, რომ ცვლილებები მთავრობაში საქართველოსთვის სასიკეთო იქნება. როგორც უწმინდესმა ქადაგებისას ბრძანა, ეს ღვთის ნებაა. "როდესაც ამბობენ, ეს არის პოზიცია, ეს ოპოზიციაო, ჩემი აზრით, ოპოზიცია არავინ არ არის, სამშობლო ყველასთვის უდიდესი საუნჯეა, იმიტომ, რომ სამშობლოს გარეშე არსებობა შეუძლებელია. ადამიანი თავის ფესვებს არ უნდა მოსწყდეს. განგებამ მოიტანა ეს ცვლილება და ამას დიდი სიბრძნით უნდა შევხვდეთ", - ბრძანა უწმინდესმა. ილია II-მ გაიხსენა საპატრიარქოში შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობაც: "მან თქვა, ყველა ერთად ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საქმეს: პოზიციაც, ოპოზიციაც, პატრიარქიც, პრეზიდენტიც და პრემიერიც. ყველა უნდა ვშრომობდეთ სამშობლოსთვის, რადგან როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც მთელი ქვეყნის პრეზიდენტია. ვფიქრობ, ყველას გვტკივა გული სამშობლოსთვის, ყველა ვლოცულობთ იმისთვის, რომ საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს და ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო, ხოლო უფალი მწყემსი ჩვენი", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).