"კატინის საქმეს" ხელახლა განიხილავენ - კვირის პალიტრა

"კატინის საქმეს" ხელახლა განიხილავენ

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა ხელახლა განიხილავს 1940 წელს კატინთან 20 ათასზე მეტი პოლონელი ოფიცრის დახვრეტის საქმეს. რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 12 დახვრეტილი ოფიცრის ნათესავებმა შეიტანეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "კატინის საქმესთან" დაკავშირებით ევროსასამართლოს 2012 წლის აპრილის გადაწყვეტილება მიუღებელია. აპრილში ევროსასამართლომ დაადგინა, რომ 72 წლის წინანდელი ტრაგედიის გამოძიების რუსული ვერსიის ეფექტურობის შეფასება შეუძლებელია. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ დახვრეტილების ნათესავების მოთხოვნა კომპენსაციის შესახებ არ დააკმაყოფილა. რუსეთში "კატინის საქმის" გამოძიება 1990-2004 წლებში მიმდინარეობდა. 8 წლის წინ საქმე დაიხურა, რადგან არც ერთი დამნაშავე ცოცხალი აღარ იყო. 2010 წელს კი რუსეთის დუმამ მიიღო დადგენილება და კატინის ტრაგედიაში პასუხისმგებლობა სტალინს და სხვა საბჭოთა მაღალჩინოსნებს დააკისრა.