წართმეულის დასაბრუნებლად - კვირის პალიტრა

წართმეულის დასაბრუნებლად

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმ ბიზნესმენებმა, რომლებიც თავს რეპრესირებულად მიიჩნევენ, წართმეული ქონების დაბრუნება მოითხოვეს. კერძოდ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სახელთან დაკავშირებული კომპანიები - "არტი", "პრიზა", "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი" და "ლივო გრუპი" ქონების დაბრუნების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავენ. "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანის" დირექტორ მალხაზ ოსაძის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ "არტის" შენობა ბაჩო ახალაიას უშუალო ბრძანებით დაიწვა. უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლას "ორთაჭალჰესის" ყოფილი მესაკუთრეებიც იწყებენ. ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას თქმით, 2008 წელს სახელმწიფომ "ორთაჭალჰესი" მოიჯარე კომპანია "ორთაჭალ ენერჯის" წაართვა და კორუფციული სქემით - 25 მილიონ დოლარად "ენერგოპროჯორჯიას" მიჰყიდა. სასამართლოში აპირებს ჩივილს ბიზნესმენი ნაზი ალასანიაც, რომლის თქმითაც, "ფასტ პლუსის" 45%-იანი წილი 2012 წლის 27 აგვისტოს 1 ლარად დაათმობინეს. ანალოგიურ საკითხზე 19 ოქტომბერს განცხადების გაკეთებას აპირებდნენ "სახალხო ბანკის" ("ლიბერთი ბანკი") ყოფილი მფლობელები და დამფუძნებლები - ირინა ჯინჭარაძე, ალიონა კოვალენკო და გიორგი გოგუაძე. თუმცა მათი თქმით, "ლიბერთი ბანკისა" და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა  დიალოგი შესთავაზეს და შესაბამისად, "ცალკეული შეფასებებისგან" თავს შეიკავებენ. არსებული ინფორმაციით, წართმეულის დაბრუნების თხოვნით ბრძოლის დაწყებას საკმაოდ ბევრი ბიზნესმენი გეგმავს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).