ქიმერიძის ოჯახი ზეწოლაზე ლაპარაკობს - კვირის პალიტრა

ქიმერიძის ოჯახი ზეწოლაზე ლაპარაკობს

ხაშურის პოლიციის შენობაში გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე ლაპარაკობს. სოსო ქიმერიძის ვაჟის, გივი ქიმერიძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც მამის დაკრძალვამდე ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებდნენ, პოლიციისგან იყვნენ მიგზავნილი. ისინი აფრთხილებდნენ ოჯახის წევრებს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაეკეთებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლის ხელყოფითაც კი იმუქრებოდნენ. მისივე თქმით, 2 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, მას და მის მეგობარს პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვენ და აპირებენ, ჩაატარონ გარდაცვლილის გვამის ექსჰუმაცია და ექსპერტიზა. სოსო ქიმერიძე ხაშურის პოლიციის შენობაში 2012 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა. ოფიციალურ ვერსიად მისი შენობის კიბიდან გადავარდნა დასახელდა.