ახალაიას პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ახალაიას პატიმრობა შეეფარდა

7 ნოემბერს დააკავეს ყოფილი შს მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. ორი დღით ადრე ახალაია საქართველოში დაბრუნდა და განაცხადა, რომ მზად არის ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად. სამივე დაკავებულს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედება, თუმცა, ახალაიას კიდევ ერთი მუხლით წაუყენეს ბრალი - თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. პროკურატურამ გაავრცელა ყოფილი სამხედროების ჩვენებები, რომლებშიც მიუთითებენ, თუ როგორ სცემდნენ და ამცირებდნენ ახალაია, შამათავა და კალანდაძე. გამოქვეყნდა ერთ-ერთი მოქალაქის ჩვენებაც, რომლის მიხედვითაც, ახალაიას ბრძანებით მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. სამართალდამცველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ახალაიას ბრალი კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან მიმდინარეობს სხვადასხვა საქმის გამოძიება (მაგალითად, ამბოხება ციხეში), რომლებშიც ყოფილი შს მინისტრი ფიგურირებს.

ამ პირთა დაპატიმრებას "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი მოჰყვა. ვანო მერაბიშვილმა ახალი ხელისუფლება "კაგებეშნიკურ" მეთოდებში დაადანაშაულა, "ნაციონალი" დეპუტატების აზრით კი, "რეფორმატორი" და "საზოგადო მოღვაწე" ახალაია პოლიტპატიმარია. მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობის ნიშნად კალანდაძის ოჯახს ეწვია, ტელეფონით ესაუბრა ახალაიასა და შამათავას ოჯახის წევრებს. 31-მა "ნაციონალმა" დეპუტატმა მზადყოფნა გამოთქვა, თავდებად დასდგომოდა ახალაიას, მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, კალანდაძესა და შამათავას კი 20-20-ათასიანი გირაო დაეკისრათ. ახალაია გლდანის ციხეში გადაიყვანეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).